გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხვითში მცხოვრები 36 წლის ნინო თვაური 3 წელზე მეტია ნიქოზის ამბულატორიაში ექთნად მუშაობს. საექთნო საქმეს ის საერთაშორისო განათლების აკადემიაში “ბი დი სი” დაეუფლა.
ნინომ აკადემიაში ერთი წელი ისწავლა, სტაჟირების პროგრამის შემდეგ კი მუშაობა დაიწყო.
“აკადემიაში ერთი წელი ვისწავლე, ძალიან კარგი ლექტორები მყავდა და საერთოდ გარემო ხელს მიწყობდა აქტიური ვყოფილიყავი. შემდეგ გამიშვეს სტაჟირებაზე, მაშინ ნამდვილად ვერ მოვიფიქრებდი რომ სამუშაოდ ამიყვანდნენ, სულ რაღაც თვენახევარი ვიყავი სტაჟიორი და მალევე შტატში ჩამსვეს, დამხმარეს პოზიციაზე, – ამბობს ნინო თვაური.
ნინო ახლა რამოდენიმე დაწესებულებაში მუშაობს, მისი თქმით აკადემია მას საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმარა.
“რეანიმაციის დამხმარედ რამოდენიმე თვე ვიმუშავე, შემდეგ ნიქოზის ამბულატორიაში ლაბორანტის ექთნად ვმუშაობდი. ამჟამად ნიქოზში სწრაფ ტესტებს ვაკეთებ კოვიდზე. ლაბორატორიაში ანალიზებს ვიღებ და რადიოლოგის ექთანი ვარ. თავის დროზე ამ სასწავლებელში ახლობლის რჩევით მივედი, ნამდვილად გამიმართლა რომ იმ გარემოში აღმოვჩნდი, სხვა შემთხვევაში ასეთი რეალიზებული ვერ ვიქნებოდი ჩემს საქმეში“, – თქვა ნინომ.
საერთაშორისო განათლების აკადემია “ბი დი სი” გორში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს.
აქ საექთნო საქმესთან ერთად მსურველებს შეუძლიათ შეისწავლონ , ვიზაჟი, კოსმეტოლოგია, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსი და ასე შემდეგ.
აკადემიის ხელმძღვანელი ნათია შათირიშვილი ამბობს, რომ სასწავლებელში ყველა ის პირობაა, რომელიც სტუდენტს პროფესიული განათლების მიღებაში ეხმარება.
“ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ პროგრესს და შევქმნათ იდეალური სასწავლო გარემო, უახლეს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებით და გამოცდილი აკადემიური პერსონალის მოზიდვით. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ სტუდენტებისათვის პროფესიული ცოდნის, უნარების, თავისუფალ და კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებების განვითარებაზე, რაც აუცილებელია სამომავლო კარიერისთვის, რათა მათ შეძლონ ცვალებად გარემოში ადაპტირება, მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოქმედებითად მიუდგნენ თანამედროვე გამოწვევებს და წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, – ამბობს ნათია შათირიშვილი.
ნათია აკადემიის კურსდამთავრებულ ნინო თვაურზეც საუბრობს, როგორც ის აღნიშნავს ნინომ ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მიიქცია ხელმძღვანელობის ყურადღება, ის გამოირჩეოდა დისციპლინით და შრომისმოყვარეობით.
“ნინო წარმატებული მოსწავლე იყო. ის აქტიურად მონაწილეობდა სწავლის დროსაც სხვადასხვა აქტივობებში, მან შეიძინა, განიმტკიცა ის უნარები რაც აუცილებელია მედიცინის მუშაკისთვის ,ნინო არის ყურადღებიანი, დისციპლინირებული, ენერგიული და დეტალებზე ორიენტირებული ქალბატონი. ხშირად ვხვდები მასზე ინფორმაციებს როგორ თავდაუზოგავად შრომობს განსაკუთრებით პანდემიის დროს და მიხარია, რომ ჩვენმა აკადემიამ ასეთი კურსდამთავრებულები აღზარდა“, – აღნიშნა შათირიშვილმა.
ნინო თვაური საგანგებო მდგომარეობის დროს, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას. პაციენტებს ნიქოზის ამბულატორიაში იღებდა, ვინც მისვლას ვერ ახერხებდა, სახლში აკითხავდა. როგორც ის ამბობს, მისი სახლიდან ამბულატორიამდე 3 კილომეტრი იყო. ამ გზას ის ყოველდღე ფეხით გადიოდა. ის ფილმშიც გადაიღეს, როგორც პანდემიის პერიოდში მომუშავე ექთანი საოკუპაციო ხაზთან.
ინფორმაციისთვის, BDC აკადემია 2007 წელს დაარსდა, მას ფილიალები აქვს თბილისში,ქუთაისში თელავში, ბათუმსა და გორში.